
რედაქტორის წინასიტყვაობა
მოგესალმებით ძვირფასო კოლეგებო,
წარმოგიდგენთ „გურამ ტატიშვილის საქართველოს ქირურგიის მაცნეს“ ახალ, მეცამეტე ნომერს.
ნომერი ეძღვნება პროფესორ თენგიზ ახმეტელის 100 წლის იუბილეს. ღრმა პატივისცემით ვიხსენებთ გამორჩეულ მეცნიერს, პედაგოგსა და საზოგადო მოღვაწეს, რომლის ღვაწლი ქართულ მეცნიერებასა და მედიცინაში შეუფასებელია.
პროფესორ ახმეტელს განსაკუთრებული როლი ჰქონდა საქართველოს ქირურგიის განვითარებაში. მისი კლინიკური გამოცდილება, მეცნიერული ნაშრომები და პედაგოგიური მოღვაწეობა დიდ გავლენას ახდენდა თანამედროვე ქირურგიული სკოლის ფორმირებაზე. იგი არა მხოლოდ თაობებს უზიარებდა ღრმა ცოდნასა და უნარებს, არამედ თავისი პიროვნული მაგალითით აღვივებდა პროფესიული ეთიკის და ჰუმანიზმის პრინციპებს. იგი მთელი სიცოცხლე ემსახურებოდა ქირურგის, მასწავლებლისა და მეცნიერის მისიას. მისმა შრომებმა და კვლევებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საქართველოს ქირურგიის განვითარებაში. თენგიზ ახმეტელის სახელი დარჩება ქართული ქირურგიის ისტორიის მნიშვნელოვან ფურცლებზე, ხოლო მისი მოსწავლეები და კოლეგები მუდამ მიაგებენ პატივს დიდი მეცნიერის ხსოვნას.
უკვდავია პროფესორ თენგიზ ახმეტელის ღვაწლი, მისი იდეები, მეთოდები და ადამიანური ღირებულებები კვლავაც გააგრძელებს იმ გზას, რომელიც მან გაკვალა. ერთ ფრაზას დავესესხები ბატონ როსტომ ცხვედიანს — „დიდი ქირურგი და მართალი კაცი იყო ბატონი თენგიზი და უფალს შევსთხოვ, დაუმკვიდროს სასუფეველი იქ, სადაც მართალნი განისვენებენ!“
ნომერს ლეიტმოტივად გასდევს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და უსაფრთხო ქირურგიის ალიანსის სლოგანი – „უსაფრთხო ქირურგია გადაარჩენს სიცოცხლეს“. ნომერში განხილულია ჯანმოს ქირურგიული უსაფრთხოების კითხვარი (ჩეკლისტი) და წარმოდგენილია ჩეკლისტის ადაპტირებული
ქართული ვერსია, ასევე კითხვარის გამოყენების დეტალური მანუალი. ვფიქრობ, უსაფრთხოების ჩეკლისტის საბოლოო მიზანია „ისეთი პირობების შექმნის მხარდაჭერა, რომელთა დროსაც ქირურგიული გუნდები თანმიმდევრულად შეასრულებენ მცირერიცხოვან, მაგრამ მნიშვნელოვან ქმედებებს და
ამით შეძლებენ, მინიმუმამდე დაიყვანონ პრევენტირებადი რისკები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ქირურგიული პაციენტის სიცოცხლეს და კეთილდღეობას“.
ჩვენს ერთგულ მკითხველს ასევე მინდა მოვახსენო, რომ ჟურნალის სარედაქციო გუნდის გადაწყვეტილებით, შემდეგი ნომრიდან (მეთოთხმეტე) – „გურამ ტატიშვილის საქართველოს ქირურგიის მაცნეს“ საერთაშორისო ბაზებში დამკვიდრების, მისი რეფერირების, ინდექსირების და ციტირების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, სტატიების ძირითადი ტექსტები წარმოდგენილი იქნება ინგლისურ ენაზე, თანმხლები გაფართოვებული ქართულენოვანი რეზიუმეებით. განახლებული ავტორის სამახსოვრო წარმოდგენილია წინამდებარე ნომრის ბოლოს და მასში ასახულია განხორციელებული ცვლილებები.
მინდა მადლობა გადავუხადო მკითხველს მხარდაჭერისთვის და მჯერა, რომ ეს ნომერი, ისევე როგორც მთლიანად ჩვენი ჟურნალის იდეა, ხელს შეუწყობს პროფესიულ დიალოგს, თანამშრომლობას, ქირურგიის პრაქტიკის გაუმჯობესებას და უსაფრთხო ქირურგიის პრინციპების განვითარებას.
სარჩევი
ქირურგიული უსაფრთხოების ჩეკლისტი
შუათანა ნერვის ტრავმული დაზიანება და რეკონსტრუქცია. კლინიკური შემთხვევის აღწერა
EFFECTIVENESS OF SURGERY FOR MYXOID LIPOSARCOMA OF THE THIGH (CASE REPORT)
კარის ვენის სიმსივნური თრომბის რეკანალიზაცია გამოსახვის მეთოდთა კონტროლით – ტექნიკა და უსაფრთხოება
FALSE MYOCARDIAL INFARCTION A PATIENT WITH DIAPHRAGMATIC HERNIA: A CASE STUDY